გიორგი I
ბაგრატიონი დინასტია

გიორგი I

1466–1476

წარმოშობა და ოჯახი

გიორგი I იყო გაერთიანებული საქართველოს მეფის, ალექსანდრე I დიდის და მისი მეუღლის, თამარ ბაგრატიონის (იმერეთის ბაგრატიონთა შტო) ძე. გიორგი VIII-ს ჰყავდა მეუღლეები — თამარ ჯაყელი (ყვარყვარე II-ის ასული) და ნესტან-დარეჯანი (ერთი ვერსიით იმერეთის ბაგრატიონთა შტოდან). გიორგის ერთ-ერთი ასული ბიზანტიის იმპერატორზე იყო დანიშნული, თუმცა თურქთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ ეს გეგმა ჩაშალა. ნესტან-დარეჯნისგან ყავდა ძე, კახეთის მომავალი მეფე ალექსანდრე I.

ტახტზე ასვლა

1446 წელს, ვახტანგ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგიმ დაიკავა ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი. ქვეყანაში უკვე შესამჩნევი იყო ფეოდალური სეპარატიზმი და ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების ტენდენციები, რაც წინა ათწლეულების განმავლობაში ღვივდებოდა. გიორგის მეფობისას კი ამ ყველაფერმა საბოლოოდ იჩინა თავი.

საგარეო პოლიტიკა და ევროპული დიპლომატია

XV საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერიის გაძლიერებამ საფრთხე შეუქმნა მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს. ამ გამოწვევის საპასუხოდ, გიორგი VIII გახდა პირველი ქართველი მეფე, რომელმაც ფართომასშტაბიანი დიპლომატიური მისია წამოიწყო დასავლეთ ევროპაში. 1459–1460 წლებში მან ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით ელჩობა გააგზავნა. ქართველი ელჩები, ნიკოლოზ თბილელის მეთაურობით, ეწვივნენ რომის პაპს და საფრანგეთის მეფეს (ჯერ შარლ VII-ს, შემდეგ კი ლუი XI-ს). მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ამ მისიამ პრაქტიკული შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ევროპულმა სახელმწიფოებმა ოსმალეთთან დამოუკიდებელი პოლიტიკა არჩიეს.

შიდა პოლიტიკა, ომები და სამეფოს დაშლა

გიორგი VIII-ის მმართველობის პერიოდში საბოლოოდ დასრულდა საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის პროცესი. პირველ რიგში, ცენტრალურ ხელისუფლებას გამოეყო სამცხე-საათაბაგო, სადაც ძალაუფლება ადგილობრივმა მთავარმა ყვარყვარე II ათაბაგმა ჩაიგდო ხელში. ქვეყანაში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა კრიტიკულ ფაზას მიაღწია, როდესაც დასავლეთ საქართველოში გამეფების პრეტენზიით ქუთაისის (სამოქალაქოს) ერისთავი ბაგრატი (მომავალში ბაგრატ VI) გამოვიდა. 1463 წელს გამართულ ჩიხორის ბრძოლაში გიორგი VIII ბაგრატთან დამარცხდა, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა მისი პოზიციები. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა 1465 წელს, როდესაც სამცხის ათაბაგმა, ყვარყვარე II-მ მეფე (ამავდროულად სიძე) ფარავნის ბრძოლაში დაამარცხა, შეიპყრო და ტყვედ ჩაიგდო.

კახეთის სამეფოს დაარსება

გიორგის ტყვეობით ისარგებლა ბაგრატმა გადმოვიდა ქართლში და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ბაგრატის გაძლიერება არ აწყობდა ყვარყვარეს ამიტომ მან გიორგი VIII ტყვეობიდან გაათავისუფლა. გიორგიმ ვეღარ შეძლო ქართლის დაბრუნება. იგი იძულებული გახდა გადასულიყო კახეთში. სწორედ ამ ნაბიჯით მან საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ კახეთის სამეფოს. რატომ მაინდამაინც კახეთი? საქმე იმაშია, რომ კახეთი გიორგის საუფლისწულო ტერიტორია იყო. სწორედ აქ ყავდა მას დასაყრდენი ე.წ. ,,თანაშეზრდილი'' კაცები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ გაზრდილები და მისი ერთგულებითაც გამოირჩეოდნენ. თუმცა კახეთშიც არ ყოფილა მარტივი მეფობის მოპოვება. ადგილობრივ დიდებულებს ვინმე დავითი მთავრად (პროვინციის მეფედ) გამოერჩიათ. გიორგის მისი დამარცხება მოუხდა. არსებობს ვერსია, რომ ეს დავითი მისი ძმის დემეტრეს შვილი იყო. ამ მარცხის შემდეგ იგი იძულებული გახდა დიდოეთში (დღ. დაღესტნის ტერიტორიაზე) ,,მეფობას'' დასჯერებოდა. თუმცა არსებობს ცნობები, რომ 1469 წელს ამ დავითს კახეთში კვლავ მოუხერხებია დროებითი მეფობა და ბოდბეში ,,მეფედ'' კურთხევაც.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

გიორგი VIII (I) გარდაიცვალა 1476 წელს. მან საფუძველი ჩაუყარა ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტოს. დაკრძალულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, თუმცა განსასვენებლის ზუსტი მდებარეობა უცნობია.

მნიშვნელოვანი თარიღები

1446 — გიორგი VIII ერთიანი საქართველოს ტახტზე ადის. 1459–1460 — ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით ევროპაში ქართული ელჩობის გაგზავნა. 1463 — ჩიხორის ბრძოლა და მეფის დამარცხება ბაგრატის წინააღმდეგ. 1465 — თავფარავნის ბრძოლა და ყვარყვარე II ათაბაგის მიერ გიორგი VIII-ის ტყვედ ჩაგდება. 1466 — ტყვეობიდან განთავისუფლება, კახეთში გადასვლა და კახეთის ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბება. 1476 — გიორგი VIII-ის გარდაცვალება.

მნიშვნელოვანი პიროვნებები

ალექსანდრე I დიდი — საქართველოს მეფე, გიორგი VIII-ის მამა. ყვარყვარე II ათაბაგი — სამცხის მთავარი, რომელმაც მეფე შეიპყრო და ქვეყნის დაშლას შეუწყო ხელი. ბაგრატ VI — ქუთაისის (სამოქალაქოს) ერისთავი და მოგვიანებით საქართველოს მეფე, გიორგი VIII-ის ერთ-ერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ნიკოლოზ თბილელი — ევროპაში გაგზავნილი ქართული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.

კახეთი

წყაროები

წყარო მალე დაემატება.