
ივანე I (აბაშიძე)
1719–1720 (აჯანყების პერიოდში გამეფებული)
ივანე I აბაშიძე - 1819 - 1820 წლების დასავლეთ საქართველოს აჯანყებისას თავადთა ნაწილის მიერ მეფედ გამოცხადებული, სოლომონ I-ის ასულის დარეჯანის ძე ივანე I აბაშიძე ქართულ ისტორიოფრაფიაში ნაკლებად აღიარებულია იმერეთის უკანასკნელ მეფედ. იგი მოხსენიებულია როგორც ტახტის პრეტედენტი. 1819-1820 წლების დასავლეთ საქართველოს აჯანყებისას თავადების ნაწილმა გამოაცხადა მეფედ, მას შემდეგ რაც ალექსანდრე ბატონიშვილმა, ერეკლეს ძემ, რომელსაც აჯანყებულებმა მიმართეს ირანიდან ჩამოსვლა ვერ შეძლო. ალექსანდრეს მეფობა შესთავაზეს იმ ვარაუდით, რომ მისი ჩართვა აჯანყების მაშტაბებს გაზრდიდა და აღმოსავლეთ საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიასაც მოედებოდა. მიუხედავად ივანე აბაშიძის მცირეხნიანი, ნომინალური მეფობისა იგი შესაძლებელია აღიარებულ იქნას იმერეთის უკანასკნელ მეფედ. რადგან იმერეთის სამეფოს გაუქმება არ ყოფილა მისი მოსახლეობის არც ერთი ფენის ნების შედეგი. სამეფოს გაუქმება მოხდა ძალდატანებით. სოლომონ II ამ უსამართლობას არ ურიგდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ტახტის დაბრუნებას. რაც შეეხება ივანე აბაშიძეს და მის ლეგიტიმაციას. იგი ქაიხოსრო აბაშიძის და სოლომონ I-ის ასულის, დარეჯანის შვილი იყო. აბაშიძეები იმერეთში ბაგრატიონთა შემდეგ ყველაზე გავლენიან გვარად იქცნენ. დასავლეთ საქართველოში XVII-XVIII საუკუნეების ფეოდალური ანარქიის დროს გიორგი-მალაქია აბაშიძე 1702 - 1707 წლებში იმერეთის ტახტსაც იკავებდა როგორც უზურპატორი და მიღებული აქვს შესაბამისი ნომერი - გიორგი V. თავად სოლომონ I-ის დედაც ამ გიორგი-მალაქიას ვაჟის ლევან აბაშიძის ასული თამარ აბაშიძე იყო. ივანე აბაშიძის მამა ქაიხოსრო აბაშიძე სოლომონ II-ის მომხრე თავადი იყო. თავად ივანე აბაშიძეს ცოლად სიმონ III გურიელის ასული ელისაბედი ყავდა. მათ შეეძინათ სამი შვილი - ქაიხოსრო, გიორგი და ეკატერინე. ეკატერინე აბაშიძე იყო აკაკი წერეთლის დედა. შესაბამისად აკაკი წერეთელი სოლომონ I-ის შვილთაშვილის შვილი იყო. იმერეთში 1819-1820 წლების აჯანყების მიზეზი საქართველოში დანიშნული ახალი ეგზარქოსი თეოფილაქტე რუსანოვი გახდა, რომელმაც მიზნად დაისახა ეკლესიის რუსიფიკაცია. რუსანოვი აპირებდა ეპარქიების შემცირებას, ეკლესიების დახურვას. საეკლესიო-სამონასტრო მამულების, ყმა-გლეხების, უძრავ-მოძრავი ქონების აღწერას, თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევას. აჯანყება 1819 წლის ივლისში სტიქიურად დაიწყო. აჯანყებულებმა წერილი გაუგზავნეს რაჭის მოსახლეობასაც და აჯანყებაში ჩართვა სთხოვეს. რაჭის მოსახლეობამ ეკლესიებში ფიცი დადო და აჯანყებას შეუერთდა. მღელვარება გურია სამეგრელოსაც მოედო. წლის ბოლოს გაიმართა ადგილობრივი შეტაკებები. რუსის ჯარმა ვერ შეძლო ბლოკადის გარღვევა და ბატალიონის ქუთაისში ჩაყვანა. აჯანყებულებმა აგრეთვე წერილი მისწერეს თურქეთის სულთანს (ეს ფაქტი რუსული დაზვერვის დოკუმენტიდანაა ცნობილი). 1820 წლის მარტიდან საქართველოს მთავარმართებელმა ერმოლოვმა მოქმედებები დაიწყო. პირველ რიგში რუსებმა დააპატიმრეს იმერეთის მიტროპოლიტები და ისინი ქართლში გადაიყვანეს შემდეგ კი რუსეთში გადაასახლეს. პარალელურად აჯანყებულებმა გურიაში, შემოქმედთან წარმატებას მიაღწიეს. ივანეს მამამ ქაიხოსრომ გაანადგურა რუსთა ასეული, ბრძოლაში დაიღუპა იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი. თუმცა აჯანყებულთა გაერთიანება ვერ მოხერხდა. აღმოსავლეთ საქართველოდან დაძრულმა მრავალრიცხოვანმა ჯარმა ცალ-ცალკე გაანადგურა აჯანყების კერები დასავლეთ საქართველოში. ისინი ანგრევდნენ სოფლებს, ადგილზე კლავდნენ აჯანყებულებს. მოსახლეობა უფრო მეტ გაჭირვებაში ჩავარდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ივანე იძულებული გახდა გურიაში გაქცეულიყო, თუმცა რუსეთის ჯარის გურიაში შესვლის შემდეგაც იგი მსგავსად სოლომონ II-ისა თურქეთში გაიხიზნა. ცხოვრობდა ახალციხეში თუმცა 1822 წლის 12 დეკემბერს, ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, მოკლეს მისი ნათესავის დავით II იმერეთის მეფის უკანონო შვილის როსტომის შვილის ვახტანგ ბატონიშვილის მიერ მიგზავნილმა კაცებმა. ამრიგად 1819-1820 წლებში კვლავ ცოცხალია, მოსახლეობის ყველა ფენაში, სამეფო ხელისუფლების აღდგენის იდეა. აჯანყებულების მიერ ქართლ-კახეთის ბაგრატიონის მოწვევა იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის გარეშეც საქართველოს ერთიანობის იდეა ცოცხალი და მომწიფებული იყო - ერთი მეფით სათავეში. რაც შეეხება ივანე I აბაშიძეს. მიუხედავად მასზე მწირი ცნობებისა და მისი ხანმოკლე მმართველობისა იგი შეიძლება ჩაითვალოს მეფედ, რადგან ეს იყო იმერეთის გავლენიან თავადთა არჩევანი, რომელსაც მოსახლეობაც არ შესწინააღმდეგებია. დიდი ალბათობით მისი მეფედ კურთხევა არ მომხდარა და არც ცნობები გვაქვს იმის შესახებ იხსენიებდნენ თუ არა მას ეკლესიებში როგორც მეფედ. აგრეთვე ივანეს მეფედ გამოცხადება თუნდაც ნომინალურად იყო პასუხი უკანონოდ დამკვიდრებულ რუსული მმართველობაზე. მისი მეფობის წლები შეიძლება განისაზღვროს 1819 წლის მიწურულიდან 1820 წლის მარტამდე (ან მის სიკვდილამდე ანუ 1822 წლის 12 დეკემბრამდე). გარდაცვალებამდე იმიტომ რომ მეფობაზე უარის თქმა მხოლოდ მას შეეძლო და არა რუსეთის არმიას!
წყაროები
წყარო მალე დაემატება.